„ტელეგრაფი“ - პრიგოჟინის ამბოხი რუსი აგენტების მიერ „ვაგნერის“ წევრების ოჯახების მიმართ მუქარამ შეაჩერა
პრიგოჟინის ამბოხი რუსი აგენტების მიერ „ვაგნერის“ წევრების ოჯახების მიმართ მუქარამ შეაჩერა, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, „ვაგნერის“ ჯგუფის გადატრიალების მცდელობა, რომელმაც გამოავლინა „ნამდვილი ბზარები“ პუტინის ავტორიტეტში, შეაჩერა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მუქარამ „ვაგნერის“ ლიდერების ოჯახების მიმართ.
ასევე, მათივე ცნობით, დაქირავებულ ძალას ჰყავდა მხოლოდ 8000 მებრძოლი, როდესაც პრიგოჟინი აცხადებდა, რომ 25 000-ზე მეტი მებრძოლი ჰყავდა და, სავარაუდოდ, „ვაგნერი“ დამარცხდებოდა რუსეთის დედაქალაქის აღების ნებისმიერ მცდელობაში.
კრემლმა შაბათს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში მიემგზავრება ღალატის ბრალდებაზე შეწყალების სანაცვლოდ. ამის შესახებ პრიგოჟინის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
რუსმა დეპუტატმა, ანდრეი გურულიოვმა, კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა, თქვა, რომ „არ არსებობს სხვა ვარიანტი“, გარდა იმისა, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერის“ კიდევ ერთი წევრი დაესაჯათ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ გაზარდა თავდასხმები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და დახვეწა ტაქტიკა რუსეთის „კარგად მომზადებული“ თავდაცვის წინააღმდეგ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ პრიგოჟინის გადატრიალების მცდელობამ, შესაძლოა, დაასუსტა რუსეთის ფრონტის ხაზი.