თელავში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიმართ ოჯახური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თელავში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიმართ ოჯახური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თელავში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიმართ ოჯახური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე სილურჯეები სკოლაში პედაგოგმა შენიშნა. სკოლის დირექტორმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, არასრულწლოვანს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მოზარდი სახლში გაწერეს.

საკითხის მოგვარებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო სამსახური ჩაერთო და არასრულწლოვანზე დროებით ზრუნავა მამიდას დაეკისრა. როგორც გაირკვა, არასრულწლოვანის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც ბავშვი დედის დედასთან, ბებიასთან ცხოვრობდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბებიას მოზარდზე მეურვების კანონიერი უფლება არ ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით ვარაუდობენ, რომ ბავშვს ფიზიკურად ბებია გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.