თელავში სასტუმროს მშენებლობის დროს კერამიკის გამოსაწვავი ქურა აღმოაჩინეს
ქალაქ თელავში, ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმროს მშენებლობის დროს, საძირკვლის გვერდით კერამიკის გამოსაწვავი ქურა აღმოაჩინეს. სპეციალისტების წინასწარი ვერსიით, ქურა შესაძლოა, XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდებოდეს.
„ძველად, ამ ადგილას ყოფილა ტყით დაფარული დაუსახლებელი ტერიტორია. სრულიად კანონზომიერია, რომ ქალაქგარეთ ასეთი სამრეწველო დანიშნულების სახელოსნო ყოფილიყო“, – განუცხადა პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ გაგნიძემ.
გაგნიძის თქმით, ეს არის თელავში პირველი კერამიკის გამოსაწვავი საამქროს აღმოჩენის შემთხვევა. საამქროში აღმოჩენილია თიხის ქვევრის ფრაგმენტები და ასევე, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი.