ვაწაძემ სეზონის გამორჩეული გოლი გაიტანა - „გაგრამ“ „თელავი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგის მე-15 ტურში „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი 2:0 დაამარცხა.

„პეტრო არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თამაშის ბედი კი მეორე ტაიმში გადაწყდა. გიორგი ქიმაძემ 48-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, მათე ვაწაძემ ბურთს დაშვების საშუალება არ მისცა და ანგარიში ულამაზესი „მაკრატელა“ დარტყმით გახსნა.

„თელავი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო. 87-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა გია ნადარეიშვილმა განავითარა და იერიში გიორგი ხარებაშვილს გაუგრძელა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„გაგრამ“ ბოლო 5 ტურში მეოთხე გამარჯვებით 16 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „თელავი“ (13) მეცხრე პოზიციაზე, აუტსაიდერთა ზონაში დარჩა.