2020 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ პანდემიით შექმნილ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, სახელმწიფო 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული ერთი კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.
კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ერთი კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: ერთი კგ რქაწითელისათვის – 0,30 ლარი; ერთი კგ კახური მწვანისთვის – 0,30 ლარი“, – აცხადებენ საქართველოს მთავრობაში და ასევე, ავრცელებენ ცხელი ხაზის ნომერს – 1501.