თელავის დრამატულ თეატრში, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. კონცერტს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.
გახსნამდე თელავის თეატრში დღეს რეპეტიცია მიმდინარეობს.
21-29 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ფესტივალს თელავის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები: კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.
საფესტივალო ორკესტრის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად იქნებიან: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.
წელს ფესტივალს ახალი კომპონენტი დაემატა – „საუბრები მუსიკაზე“ – ინტერაქტიული შეხვედრები, რომლებზეც მსმენელს შესაძლებლობა ექნება,პირადად შეხვდეს და გაეცნოს მიწვეულ სტუმრებს. შეხვედრის მოდერატორები ზურაბ ქარუმიძე და ზაზა შათირიშვილი იქნებიან.
ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.
წლევანდელ ფესტივალზე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში სოლო კონცერტს 9 წლის პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე გამართავს.