საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა, რომლის რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
„დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა. კახეთს, კონკრეტულად კი თელავს, შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მუზეუმი და კულტურული სივრცე – მეფეთა სასახლის შემდეგ, უკვე ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თელაველებისთვის, ერეკლე მეორის სახელი, მისდამი პატივის მიგება და პირველ რიგში, თელაველებს გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. რა თქმა უნდა, ვულოცავ მთელ საქართველოს. თელავის ბატონის ციხე უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის საშუალებას აძლევს მომავალ თაობებს, მიეახლონ ისტორიას, ხელით შეეხონ მას, სათანადო პატივი მიაგონ ჩვენს უდიდეს წინაპრებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ კომპლექსს შეემატა მუზეუმი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა მოწყობილი და 65 000 ექსპონატია დაცული მის სივრცეში. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაჰკანკალებდნენ თითოეულ ექსპონატს და დღევანდელ დღეს, უკვე მომავალ თაობას შემოუნახეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი, რთული პერიოდის განმავლობაში დაიცვეს ექსპონატები და მართლაც, გმირული საქციელი ჩაიდინეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ პარტნიორს, საქართველოში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის ხელშეწყობისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მუზეუმი ტურისტების ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცევა.
„როგორც მითხრეს, რამდენიმე ათეული ათასი, მაქსიმუმ 70-80 ათასი ტურისტი ჩამოვა ამ ახალ მუზეუმში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ასეულობით ათასი, გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეშია დაცული და ასევე, გამომდინარე თელავის სტუმართმოყვარეობიდან, იმ უამრავი, უმდიდრესი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლიდან, რომელიც აქ არის, იმ ახალი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც შეიქმნა ამ ძეგლების მიმდებარედ. მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო დართლოს კომპლექსისთვის, გარეჯის კომპლექსისთვის, ალავერდის მიმდებარე ინფრასტრუქტურის გალამაზებისთვის. სულ ორიოდე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან, რომლებიც საქართველოში ბრძანდებოდნენ და მათ აღნიშნეს ის უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მსოფლიო ბანკს, როგორც საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბატონის სასახლის კომპლექსში მუზეუმის გახსნით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ერეკლე მეფის ხსოვნას, რომლის სახელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უკავშირდება.
„დღევანდელი დღე ყველაზე მეტად ალბათ არის ერეკლე მეფისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი დღე. მიუხედავად ზეწოლისა, მეფე თეიმურაზის შემდეგ იყო მეორე მეფე, ბევრი თაობის მეფეების შემდეგ, რომელიც ქრისტიან, მირონცხებულ მეფედ მოევლინა საქართველოს. იგი იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება. იგი იყო მეფე, რომელმაც გააკეთა ურთულესი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა, რომ საქართველოს, ქართველი კაცის სულიერი ბუნების დედა ბოძი იყო ქრისტიანობა და როგორც კი ეს დედა ბოძი დაინგრეოდა, საქართველოს იდენტობა გაქრებოდა დედამიწის ზურგიდან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ უდიდეს მეფეს და ჩვენთვის ათმაგად სასიხარულოა ამ ახალი, ულამაზესი მუზეუმის გახსნა, აქ, ბატონის სასახლეში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი მუზეუმის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს.
მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეშიც გამოფენილია: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ასევე, გაკეთდა დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა ქეთევან იაშვილის სამხატვრო კოლექციის გამოსაფენად, რომელშიც მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის ფერწერული ნამუშევრები.
სამუზეუმო ექსპონატები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ სარა მაიკლთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გაგი ბუაძესთან და კახეთის გუბერნატორ-რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.