თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტში არსებული 54 საარჩევნო უბნიდან ყველა, სრული წესების დაცვით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა.
თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, პირველი ამომრჩეველი საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად უბანზე 08:03 საათზე გამოცხადდა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახსნილი სულ 54 საარჩევნო უბნიდან 16 უბანია ქალაქ თელავში.
ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეების ინფორმაციით, ყველა უბანი კანონის სრული დაცვით გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მათი თქმით, არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველადი შემაჯამებელი მონაცემები დაახლოებით 12:00 საათისთვის იქნება ცნობილი.