რუისპირში მოსახლეობამ სოფლის ნაკვეთის ინვესტორებზე გასხვისება გააპროტესტა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის ნაკვეთის ინვესტორებზე გასხვისება გააპროტესტა.
მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გასულ წელს, ხელისუფლებამ სოფელს საძოვარი მალულად, აუქციონის გამოცხადების გარეშე გაყიდა.
„ამ სოფელში ზოგს ძროხა ჰყავს,ზოგს ცხვარი, 700-მდე კომლი აღნიშნული საძოვრით ვსარგებლობდით, ახლა ალბათ მოგვიწევს საქონელი გავყიდოთ“, – განაცხადა მიხო ხანჯალიაშვილმა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სასამართლოს განცხადებით უკვე მიმართა.
„სასამართლოში ერთი კვირის წინ შევიტანეთ სარჩელი, ახლა ინვესტორი ელექტროენერგიის ხაზს აშენებს, დენს რომ გაიყვანს, ალბათ პროექტით გათვალისწინებულ მნებლობასაც დაიწყებს. ვიდრე არ გადაწყდება საკითხი, ვის მიეკუთვნება ეს ტერიტორია, ინვესტორისგან სამშენებლო სამუშაოების წარმოების შეჩერებასაც ვითხოვთ“, – განუცხადა პირველ არხს ვაჟა პაპუნაშვილმა.
რუისპირის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის საძოვრების ინვესტორისთვის დათმობას არ აპირებს და სამართლებრივი გზის გარდა საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს.