თელავის სასამართლოში სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა განახლდა
თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 86 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა განახლდა.
სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხნენ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პოლიციის თანამშრომლები,
მათ შორის, შვილიშვილის დაკავებაში მონაწილე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელიც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. დავით ბარამაშვილმა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შედგენისას გამომძიებლებთან ერთად სოფელ ყანდაურაში მერის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულების სახით ექსპერტის დასკვნა წარადგინა. ადვოკატის ინფორმაციით, 86 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ პოლიციაში სამართალდამცველების მიერ ფიზიკური ძალადობა დასტურდება, თუმცა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა აღნიშნული მასალები მტკიცებულებად არ მიიჩნია.
ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 სექტემბერს ჩაინიშნა.
მკვლელობა სოფელ ყანდაურაში მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა. თავდაპირველად შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს.
86 წლის ომარ გამყრელიძე მოსამართლემ 19 სექტემბერს გამართულ პროცესზე სასამართლო დარბაზიდან 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.