თელავის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
თელავის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. საწარმო „აჩინებული“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში ჯამურად, 2 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 975 402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 632 835 ლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია.
საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში წელიწადში 500 000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება, სამომავალოდ ექსპორტზე გასვლასაც აპირებენ. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 8-10 ადამიანი ემატება.