თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ინფორმაციას ნარეკლიშვილი თავად ადასტურებს და გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
„ჩემი გადაწყვეტილება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. მე აღარ ვაპირებ, კენჭი ვიყარო მერის თანამდებობაზე. ამიტომ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პროცესი განახორციელოს საკუთარი კანდიდატის ინტერესების გათვალისწინებით. ახალ თავმჯდომარეს კი, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, თუმცა ყრილობა როდის გაიმართება, ეს ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.
„ნარეკლიშვილმა პირადი განცხადებით დატოვა თავმჯდომარის პოსტი. მე დღეს დამეკისრა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ვიდრე ორგანიზაცია ყრილობაზე ახალს აირჩევს“, – განაცხადა კალმახელიძემ.
შოთა ნარეკლიშვილი 2017 წლიდან თელავის არჩეული მერია, ხოლო 2018 წლიდან არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს პარტია მერობის კანდიდატად და ვინ დაიკავებს პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას.