თელავის მერი - ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური მაღაზიები იმუშავებს
ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სეზონური სამუშაოები რომ აგროვადების დაცვით ჩაატარონ და ყველა საჭირო პრეპარატის შეძენა მოახერხონ, სპეციალური მაღაზიები იმუშავებს, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ავტომობილებით გადაადგილებისთვის გამონაკლისის დაშვებასთან ერთად, ფერმერებსა და მევენახეებს საშუალება ეძლევათ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიაში პესტიციდები შეიძინონ. მაღაზია ფერმერებისთვის ხელსაყრელი დროის შესაბამისად გაიხსნება, რათა მათ გადაადგილებისთვის განკუთვნილი დროის მონაკვეთში შეძლონ საჭირო სასუქისა თუ ვენახის შესაწამლად აუცილებელი პრეპარატების შეძენა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი თელავში არსებულ ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიის მომარაგების საკითხით დაინტერესდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„ფერმერები ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ხელისუფლების მიერ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეღავათები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნავენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.