ტეხასში აღმოჩენილი დინოზავრის ნაკვალევი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელია — #1tvმეცნიერება
ტეხასში აღმოჩენილი დინოზავრის ნაკვალევი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელია — #1tvმეცნიერება

აშშ-ში, დინოზავრების ველის სახელმწიფო პარკში გვალვის გამო დამშრალ მდინარეში 113 მილიონი წლის წინანდელი გიგანტური ქვეწარმავლის ნაკვალევი გამოჩნდა.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს სამთითიანი ნაფეხურები, რომლებიც დამშრალი მდინარის კალაპოტს მიუყვება. მკვლევართა განცხადებით, ის დინოზავრების ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაკვალევია მთელ მსოფლიოში.

ტეხასის პარკებისა და ველური ბუნების დეპარტამენტის წარმომადგენლის, სტეფანის სალინასის განცხადებით, ნაფეხურები მშრალი ამინდის გამო გამოჩნდა.

„ძლიერი გვალვის გამო, ზოგიერთ ადგილას პარკში მდინარე მთლიანად დაშრა, რამაც უფრო მეტი ნაფეხური გამოაჩინა. ნორმალურ მდგომარეობაში, ეს ნაფეხურები წყალქვეშაა და მთლიანად დანალექებით ამოვსებული, რის გამოც არ ჩანს“, — ამბობს სალინასი.

ახლად აღმოჩენილი ნაფეხურები აკროკანტოზავრს (Acrocanthosaurus) ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით შვიდ ტონას იწონიდა და სიმაღლეში 4,5 მეტრი იყო.

აკროკანტოზავრი
აკროკანტოზავრი

პარკში ასევე აღმოჩენილია კიდევ ერთი დინოზავრის, ზავროპოსეიდონის ნაკვალევი, რომელიც 18 მეტრის სიმაღლის იყო და 44 ტონამდე იწონიდა.

ზავროპოსეიდონი
ზავროპოსეიდონი

ეს სახელმწიფო პარკი ქალაქ დალასის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ერთ დროს, უძველესი ოკეანის სანაპიროზე იყო მოქცეული; დინოზავრებმა ნაკვალევი ტალახში დატოვეს.

მდინარეში წყლის მომატების შემდეგ, ნაფეხურები მალე ისევ დაიფარება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.