თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის
თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის. ამის შესახებ ნათქვამია თერიანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის შემდგომ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაში ირანის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
„დადებითად შეფასეს რა ამ შეხვედრის შედეგები, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ პლატფორმის ღიაობა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის დედაქალაქში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს დავების მშვიდობიანი დარეგულირების, სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის, საშინაო საკითხებში ჩაურევლობის, ძალის გამოუყენებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრებმა განიხილეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს 3+3-ის საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 3+3-ის პლატფორმის მორიგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში გაიმართა გასულ წელს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე და მაშინაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებდა. „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,- განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ, რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.