თეირანში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
თეირანში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

თეირანში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის ორმხრივი შეხვედრა ირანის დედაქალაქში 3+3 ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა.

„არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა თეირანში 3+3-ის ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში არის ერთ-ერთი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და მეგობრობის გზაზე. შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საუბრის საშუალება ჰქონდათ. ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა მასპინძელი ქვეყნის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა.

თეირანში 23 ოქტომბერს აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ირანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით 3+3-ის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

22 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებდა. „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ, რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.