თეიმურაზ შაშიაშვილი - მე ვიქნები, ვინც პუტინთან სასაუბროდ დაჯდომას შეძლებს, რათა მთელს მსოფლიოს გავაგებინო, რეალობა რა არის
მსურს, ხალხის პრეზიდენტი ვიყო, ხალხის პრეზიდენტს კი ძალიან დიდი მანდატი აქვს და მთავრობასთან ურთიერთობის არავითარი პრობლემა არ გააჩნია, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„ვერ ვხედავ პრობლემას, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, მეც და პრემიერ-მინისტრიც, მეც და საგარეო საქმეთა მინისტრიც, თუ სხვები დებატებში დავსხდეთ. საქართველო ინტელექტუალებით არის სავსე და დებატებში ეს ადამიანებიც უნდა ჩაერთონ. ეს ყველაფერი პირდაპირი ეთერით უნდა მიდიოდეს“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
ამ განცხადებით თეიმურაზ შაშიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ აპირებს საგარეო მიმართულებით მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ მისი ხედვა მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკისგან განსხვავდება, რადგან ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი საგარეო ასპარეზზე იმ პოლიტიკას წარადგენს, რასაც მთავრობა პარლამენტთან შეთანხმებით ადგენს.
შეკითხვაზე, რას განიხილავს საგარეო ასპარეზზე მთავარ გამოწვევად, პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ორიენტაციის რომელიმე ზესახელმწიფოზე აღება საქართველოსთვის დამღუპველია და ქვეყანამ ორიენტაცია გერმანიაზე უნდა აიღოს.
„ჩემთვის შვეიცარული მოდელია მისაღები. გერმანიას უსმენს აშშ, რუსეთი და გერმანიას მიჰყავს ევროპა. მე მინდოდა, კენჭი ეყარა და პრეზიდენტი ყოფილიყო ბატონი ლადო ჭანტურია, რადგან მას გერმანიაში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ჩვენ საგარეო ურთიერთობებში უდიდესი პოტენციალი გვაქვს და ამას ვერ განახორციელებენ პრეზიდენტობის ის კანდიდატები, რომლებსაც თავის თანამემამულეებთან საუბრის ეშინიათ. ისინი ვერც ბატონ ტრამპთან დასხდებიან სასაუბროდ და ვერც ქალბატონ მერკელთან. ვერ მოიძებნა კაცი, რომელიც თუნდაც პუტინთან შეძლებს საუბარს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას აქედან მაგინებელი აწყობს. მე ვიქნები ის, ვინც პუტინთან სასაუბროდ დაჯდომას შეძლებს, რომ მთელს მსოფლიოს გავაგებინო, რეალობა რა არის“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
თეიმურაზ შაშიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს და თუ პრეზიდენტი გახდება, კენჭს აღარ იყრის, მაგრამ იბრძოლებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა აღდგეს და პრეზიდენტად არჩევიდან ორი წლის შემდეგ, პრეზიდენტის ნდობის თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებს.
„მე, თემურ შაშიაშვილი, ბედნიერი ვარ, რომ ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის აქტს, ვიყავი ქალაქ ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი და მოვდივარ იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც ჩემში ამ მძიმე დრომ დააგროვა“, – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.