თეიმურაზ შაშიაშვილი - საქართველოს უნდა ჰყავდეს პროფესიული ჯარი და ჯარისკაცის ხელფასი მინისტრის ხელფასზე ერთი ლარით მეტი იყოს
თეიმურაზ შაშიაშვილი - საქართველოს უნდა ჰყავდეს პროფესიული ჯარი და ჯარისკაცის ხელფასი მინისტრის ხელფასზე ერთი ლარით მეტი იყოს

მე რომ ძლიერი მთავარსარდალი ვიქნები, ეს დავადასტურე, როცა ორჯერ, 1993 და 1998 წელს ტანკებს დავხვდი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„თბილისისკენ 18 ტანკი მოდიოდა, მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მათ წინ გადავუდექი, რომ სისხლისღვრა აგვეცილებინა. მადლობა იმერეთსა და ქუთაისს. როცა ეს გავაკეთეთ, სამეგრელოში ძალიან ძლიერი მხარდაჭერის პოზიცია იყო. აფხაზეთში ვიყავი მაშინ, როცა მას უჭირდა. ბოლო ჯარისკაცები, რომლებსაც აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის გადარჩენა უნდოდათ, წავიყვანეთ და შევედი იმ თვითმფრინავში, რომელსაც პროგნოზით ჩამოვარდნა ელოდა“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

მისი თქმით, ჯარის ავტორიტეტი ვეტერანისადმი დამოკიდებულებაა, საქართველოში კი ვეტერანებისადმი დამოკიდებულება მიწასთან არის გასწორებული.

„არ შეიძლება, ვეტერანი 200-300 ლარს ვერ იღებდეს, მაშინ როცა ხელფასი, რასაც მინისტრი თვეში იღებს, 40-50 ათასი გამოდის, ეს ტრაგედიაა. სააკაშვილის პერიოდის ყველა სამხედრო მინისტრი მილიონერი და მილიარდერი გახდა იმ ფულით, რომელიც ჩვენთან შემოვიდა და ამის გამოძიება არავის აწყობს“, – განაცხადა შაშიაშვილმა. 

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვითი სტრატეგია უნდა ჰქონდეს და კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან თავდასხმა არც ერთ სახელმწიფოზე არ მოხდება.

„საქართველოს უნდა ჰყავდეს პროფესიული ჯარი და პროფესიული ჯარისკაცის ხელფასი მინისტრის ხელფასზე ერთი ლარით მეტი უნდა იყოს“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

თემურ შაშიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პარტიების დაფინანსების არსებულ წესს გააუქმებს და ამ ფულს მთლიანად მეცნიერებათა აკადემიას მისცემს, რადგან აკადემიას ორჯერ ნაკლები დაფინანსება აქვს, ვიდრე პარტიებს, რომლებმაც ქვეყანას სიყალბე და უბედურება მოუტანეს.

„თუ ხალხს სურს, რომ ქვეყანა გადარჩეს, შუა კი არ უნდა გაკრიფოს, შუას ადგილი უნდა დაიჭიროს და მხარი ქართულ ძალებს დაუჭიროს, „ქართული ოცნებაც“ გაუშვას და „ნაციონალური მოძრაობაც“, რადგან ეს ორივე პოლიტიკური ძალა იმართება გარკვეული ჯგუფების მიერ, რომლებმაც საქართველოში გარკვეული მოწილეები მოძებნეს და ფული, რომელიც დახმარების სახით მოდიოდა, უკან წაიღეს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.