თეიმურაზ შარაშენიძე - უკრაინის საგარეო უწყებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას გაგებით მოეკიდნენ და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს
თეიმურაზ შარაშენიძე - უკრაინის საგარეო უწყებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას გაგებით მოეკიდნენ და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში დაბრუნდა.

ის თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა და ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში იმყოფება.

კიევიდან გამომგზავრბამდე შარაშენიძეს შეხვედრა ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ოფიციალური თბილისის პოზიცია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

„უკრაინულ მხარეს ჩემი პოზიცია არ გაკვირვებია და გაგებით შეხვდა. ჩემს გზავნილებზე ისაუბრეს პრესაშიც და თავიანთი შეფასებაც მისცეს. ჩემი გამოძახება კონსულტაციებზე და ქართული მხარის პოზიცია ყველასთვის ცნობილია. ბოლო დღეებში ამაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმაც და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც. ქართული მხარისთვის მიუღებელია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, საქართველოში მსჯავრდებული პირის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა. რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობებს, ქართული მხარე ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს კიდეც პარტნიორული ურთიერთობა. ამაში ჩვენი უკრაინელი პარტნიორებიც გვეთანხმებიან. ჩვენთვის უმნიშვენლოვანეს საკითხებზე, როგორებიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეოკუპაცია, დემოკრატიული ინსტიტუციების გამყარება, ჩვენ ერთიანი პოზიციები გვაქვს და ამ ერთიანობით გავდივართ საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას შარაშენიძემ.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქლაქეა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური თბილისის პოზიციას გაგებით მოეკიდნენ, შემდგომში ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებისა და გაღრმავების იმედიც გამოთქვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.  

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.