თეიმურაზ შარაშენიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში ვიზიტი უფრო ახალი და მძლავრი იმპულსი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში
მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, იმიტომ, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ერთნაირი გამოწვევები, ერთნაირი სტრატეგიული მიზნები და სწორედ ამ საკითხების განსახილველად ჩამოდის ბატონი მინისტრი, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანის უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრებისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
საკითხები ეხება დეოკუპაციას, ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას. განსაკუთრებით რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება მნიშვნელოვანი და ამ კუთხით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ასევე, განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაცია ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და ბატონი დავით ზალკალიანის ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტი იქნება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს პირველი ვიზიტია ოფიციალური საგარეო საქმეთა მინისტრის. ეს ვიზიტი იქნება უფრო ახალი და მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება კიევში, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.