თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში კონსულტაციებს მართავს
თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში კონსულტაციებს მართავს

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა, სადაც კონსულტაციებს მართავს.

როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების დროს ორ პარტნიორ ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განიხილავენ.

„მოვედი კონსულტაციებზე. მიზეზი კარგად არის თქვენთვის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა საკითხი სკულპუოზურად იქნება განხილული. კრიტიკას არ ვიზიარებ. საელჩომ იმუშავა ყველაფერში. რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის უმაღლეს დონეზე და მოგახსენეთ, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს.უკრაინის მხარემ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩვენი ეს ფორმა მიიღო და არ გაკვირვებია“, – განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა უკრაინაში ელჩად, შარაშენიძემ უპასუხა, რომ ეს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ოფიციალურმა თბილისმა თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.

საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრამდე ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა.