თეიმურაზ მურღულია - საგამოცდო ცენტრებისთვის სასწრაფოდ შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს
თეიმურაზ მურღულია - საგამოცდო ცენტრებისთვის სასწრაფოდ შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს

სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში ​კონდიციონერებით აღიჭურვოს.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებას ორშაბათიდან დაიწყებენ. მისივე თქმით, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.

ამასთან, კითხვაზე, აქამდე რატომ არ არის საგამოცდო ცენტრები კონდიცირებით აღჭურვილი, მურღულიამ განაცხადა, რომ განათლების მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო აღჭურვა და რუსთავში, საპილოტე რეჟიმში დადგმული კონდიციონერები ამაზე მეტყველებს.

„პილოტირება საჭიროა, რადგან გაგრილების სისტემას თან ახლავს ხმაური და მაღალი ძაბვის მოხმარება, რასაც შესაძლოა, სკოლის სადენებმა ვერ გაუძლოს“, – განაცხადა მურღულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. ამასთან, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.