საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხაელ როთთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრთან, ქრისტიან პეტრისთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია).
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ გერმანელ დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შესახებ და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
„თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა არსებულ ვითარებაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უაღრესად დიდ მნიშვნელობას და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც უპრეცედენტო დინამიკით გამოირჩევა. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში განხორციელებულ უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტებს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.
მინისტრის მოადგილის ბერლინში ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის წარმოჩენა და გერმანული მხარის მხარდაჭერის განმტკიცება წარმოადგენს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.