ტეფლონის ტაფაზე ერთმა მცირე ნაკაწრმაც კი, საკვებში შეიძლება პლასტმასის ათასობით ნაწილაკი გამოყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევა ცხადყოფს, პლასტმასის რამდენი ციცქნა ნაწილაკი შეიძლება შეერიოს ჩვენს საკვებში, თუ ტეფლონით დაფარულ ტაფას სუმ მცირე ნაკაწრიც კი აქვს — დაახლოებით 9100 ნაწილაკი.
ტეფალის ზედაპირის მქონე ქვაბები და ტაფები ხმარებასთან და რეცხვასთან ერთად, საფარს თანდათან კარგავს, რაც შეიძლება პრობლემა გახდეს საჭმლის მომზადებისას. თუმცა, ძნელია იმის დადგენა, რამდენი პლასტმასი გამოიყოფა ასეთი ჭურჭლისგან.
ახალ კვლევაში მიმოიხილეს მიკროპლასტმასები (5 მილიმეტრზე პატარა ზომის) და ნანოპლასტმასები (მილიონჯერ კიდევ უფრო პატარა) და დაასკვნეს, რომ დროთა განმავლობაში, შეიძლება პლასტმასის ფრაგმენტების საკმაოდ დიდ რაოდენობას ვიღებდეთ.
„ეს გახლავთ ძლიერი გაფრთხილება იმისა, რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სამზარეულოს ჭურჭლის არჩევას და ხმარებას, რათა თავიდან ავიცილოთ საკვების დაბინძურება“, — ამბობს ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მექანიკისა და მასალების ინჟინერი იუჰონგ ტანგი.
რისკის შეფასების მცდელობისას, მკვლევართა ჯგუფმა რამანის სპექტროსკოპია გამოიყენა, რათა ფოტონების გაფანტვის გზით, მოლეკულურ დონეზე შეესწავლათ მიკროპლასტმასისა და ნანოპლასტმასის ნაწილაკები ტეფლონის საფარზე. სპეციალურად შექმნილი ალგორითმით ასევე გამოთვალეს, ამ საფარის რა ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს საკვებში.
საჭმლის მომზადების სიმულირების მიზნით, ტეფლონით დაფარული ჭურჭელი მკვლევრებმა პატარა ნაჭრებად დაკაწრეს და გარკვეული დროის განმავლობაში, ტაფას სხვადასხვა მასალის მოსარევით (უჟანგავი ფოლადი, პლასტმასი, ხე) ურევდნენ ისე, თითქოს საკვებს ამზადებდნენ.
დადგინდა, რომ დაზიანებულმა საფარმა საჭმლის მომზადებისას შეიძლება გამოყოს 2,3 მილიონამდე ციცქნა ნაწილაკი; ასეთი შედეგი 30-წამიანი მომზადების დროს მიიღეს, იმ შემთხვევაში, თუკი მოსარევი ტეფლონის ზედაპირს დააზიანებდა.
შემაშფოთებელია ისიც, რომ ტეფლონი (პოლიტეტრაფთორეთილენი) მიეკუთვნება ე. წ. სამუდამო ქიმიკატთა ოჯახს, რომლებიც გარემოში რჩებიან: პერ- და პოლიფთორალკილურ ნივთიერებებს (PFAS) რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული.
„გამომდინარე იქიდან, რომ PFAS დიდი შეშფოთების საგანია, ჩვენს საკვებში მოხვედრილი ტეფლონის ეს მიკროპლასტმასები შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს“, — ამბობს ავსტრალიის ნიუკასლის უნივერსიტეტის მასალების მეცნიერი ჩენგ ფანგი.
ჯერ კიდევ რჩება კითხვები იმის შესახებ, რამდენად გავრცელებული და სახიფათო შეიძლება იყოს ამ მიკრო და ნანოპლასტმასების გამოყოფა, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ აუცილებლად საჭიროა მომზადების დროს შესაძლო დაბინძურების ეფექტების უკეთესად შესწავლა.
შეიძლება გამოსავალი იყოს ძველი ქვაბებისა და ტაფების ხმარებიდან ამოღება გარკვეული დროის შემდეგ, ანდაც ტეფლონის მასალა უფრო მდგრადი გახდეს ხმარებისა და რეცხვისადმი.
მიუხედავად შთამბეჭდავი კვლევისა, მკვლევართა ჯგუფი კარგად აცნობიერებს ასეთი მცირე ზომის პლასტმასის ნაწილაკების გაზომვისა და შეფასების სირთულეს. ეს მიმართულება შეიძლება მომავალში გაუმჯობესდეს.
კვლევა Science of The Total Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.flinders.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.