ტედროს ადანომ გებრეიესუსი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ჯანდაცვის სექტორზე გავლენა კატასტროფულია
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ჯანდაცვის სექტორზე გავლენა კატასტროფულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის დირექტორმა საგანგებო საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.
ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, „ღაზაში შექმნილია იდეალური პირობები სასიკვდილო დაავადებების გავრცელებისთვის“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გათვალისწინებით.
„აშკარაა, თუ ვიტყვით, რომ კონფლიქტის გავლენა ჯანდაცვაზე კატასტროფულია. ჯანდაცვის საჭიროებები დრამატულად არის გაზრდილი, ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები კი აქამდე არსებულის ერთ-მესამედამდე შემცირდა“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მან ასევე წუხილი გამოთქვა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭო განიხილავს ავღანეთის, მაროკოს, კატარისა და იემენის მიერ ინიცირებულ წინადადებას, რომელიც ღაზაში სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების დაშვებას, ასევე საავადმყოფოების აღსადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ფინანსების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს ისრაელი, რომლის შეფასებითაც, წინადადებაში არ არის პროპორციულად გათვალისწინებული ისრაელის პოზიცია და არ არის გათვალისწინებული ის, რომ „ჰამასი“ მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს.