თედო ჯაფარიძემ პრემიერის მრჩევლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ გააგრძელებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს ცნობილი ქართველი დიპლომატი, ელჩი თედო ჯაფარიძე შეუერთდა. ამის შესახებ კონსორციუმის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, თედო ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მოადგილის პოსტზე დაინიშნა და მისი მომავალი საქმიანობის სფერო კონსორციუმის საგარეო ურთიერთობების კურირება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება გახდება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის. გარდა იმისა, რომ იწყება საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო – სანაპირო სამუშაოები, ამავე დროს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ხარისხობრივად ურთიერთობის ახალ ეტაპზეც გადავდივართ. „საუკუნის პროექტისთვის“ გამორჩეული პროფესიონალების გუნდის შექმნის პროცესი გრძელდება და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ამიერიდან გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თედო ჯაფარიძე უხელმძღვალენელებს“, – განაცხადა„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, თედო ჯაფარიძემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო მრჩევლის თანამდებობა დატოვა.
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თედო ჯაფარიძის გამოცდილება დაახლოებით 40 წელს ითვლის. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში და ა.შ. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. თედო ჯაფარიძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 300-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.