თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკის პრეზენტაცია გაიმართა
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა და „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.
მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, საფოსტო მარკას, ფილატელური დატვირთვის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, ამ შემთხვევაში, ამით საქართველოს სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულების მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის ჩამოყალიბებაში.
„ეს მარკა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ გვაქვს 100 წლის ისტორიის მქონე თეატრისა და კინოს სასწავლებელი თავისი დიდი და სახელოვანი ტრადიციებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ამასთან, „საქართველოს ფოსტასა“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო საფოსტო მარკის ტირაჟია 10 000 ერთეული.