თეა წულუკიანმა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი წარადგინა და ეროვნული პავილიონის კონკურსის თარიღი გამოაცხადა
თეა წულუკიანმა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი წარადგინა და ეროვნული პავილიონის კონკურსის თარიღი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი – მაგდა გურული წარუდგინა, რომელიც 2022 წლის ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სათანადოდ წარმოჩენის პროცესზე პასუხისმგებელი პირი იქნება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარდგენას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე.

მაგდა გურული თანამედროვე ხელოვნების კურატორი გახლავთ, რომელიც 2004 წლიდან არის „კულტურის და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრის“ დამფუძნებელ-კურატორი, 2008 წლიდან – თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, არტისტერიუმის დამფუძნებელი და კურატორი, 2005-2009 წლებში იყო თანამედროვე ხელოვნების ჟურნალის ARTLOOP-ის რედაქტორი, 2009 წლიდან კი – საერთაშორისო გარემოს დაცვის სიმპოზიუმის „დრაკონის ცხრა თავის“ (სამხრეთ კორეა) კურატორი. იგი 2003 წლიდან დღემდე კურატორობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენები: 2007 წელს – სტამბულის მე-10 საერთაშორისო ბიენალეს ფარგლებში, 2008 წელს – ნანტის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში, 2017 წელს – სტამბულის მე-15 საერთაშორისო ბიენალეზე ნაჩვენები პროექტი – „ჩაის გემო“, 2018 წელს – სან პაულოს 33-ე ბიენალეს პარალელური პროექტი – „ჰორიზონტს მიღმა“. 2015 წელს, მაგდა გურული იყო კომისარი სამხრეთ კორეაში ინიცირებული საერთაშორისო საგამოფენო პროექტის – „ნახტომი შეუცნობელში“, რომელიც ვენეციის 56-ე ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროექტების ფარგლებში მოეწყო. 2014 წელს კი, მაგდა გურული იყო სტამბულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის – „ისტანბულ მოდერნის“ მრჩეველი სამხრეთ კავკასიიდან გამოფენის – „მეზობლები – თანამედროვეობის ამბავი თურქეთსა და მის მიღმა“, ფარგლებში.

2022 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ სხვადასხვა სივრცესთან დაკავშირებით და მათგან ერთ-ერთი იქნება შერჩეული.

ამასთან, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტრო გამოაცხადებს კონკურსს მომავალ წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შერჩევის მიზნით.

ბრიფინგზე მაგდა გურულმა ვრცლად ისაუბრა ხედვაზე და აღნიშნა, რომ ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების მსხვილმასშტაბიანი ფორუმია, სადაც მსოფლიოს სახელოვნებო სამყარო ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილ მნიშვნელოვან ნამუშევრებს და თანადროულ ტენდენციებს აჩვენებს. ჟურნალისტები მას ზოგჯერ თანამედროვე ხელოვნების „ოლიმპიურ თამაშებსაც“ უწოდებენ.

გლობალური პანდემიის პირობებში, ვენეციის ბიენალემ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ პირველად შეიცვალა ბუნებრივი ქრონოლოგია და 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს იმართება.

„ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ერთი მხრივ, მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის და მეორეს მხრივ, ეპიდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ მსოფლიო სახელოვნებო მედიის, საერთაშორისო მაყურებლის და პროფესიული წრეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ტენდენციების ჩვენების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა მაგდა გურულმა.

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე 120 წელზე მეტს ითვლის. რიგით 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე გაიმართება და მას სახელად „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams) ეწოდა. სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის, ლეონორა ქერინგტონის (1917-2011) იგივე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული. ამის შესახებ 2022 წლის ვენეციის ბიენალეს სამხატვრო დირექტორმა, სესილია ალემანმა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა.

ალემანის იგივე სახელწოდების ტექსტი ასე მთავრდება: „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა სამყარო თითქოს გაწყვიტა და დაანაწევრა, გამოფენა „რძე სიზმრებისა“ ცვლილებების და თანაცხოვრების ახალი წესების წარმოდგენას ცდილობს. მიუხედავად მიმდინარე სიტუაციისა, გამოფენა ოპტიმიზმს ესწრაფვის და ხელოვნების მიერ ალტერნატიული კოსმოლოგიების და არსებობის ახალი პირობების შექმნის შესაძლებლობას ზეიმობს. იგი მხატვრისგან ითხოვს არა იმის გამოვლენას, თუ ვინ ვართ ჩვენ, არამედ შიშისა და წუხილის გადალახვით იმის ჩვენებას, თუ ვინ და რად შეგვიძლია გარდავიქმნათ.“

59-ე ბიენალე სამ ძირითად თემას წარმოაჩენს – „სხეულების რეპრეზენტაციასა და მათ მეტამორფოზას; კავშირებს ინდივიდებსა და ტექნოლოგიებს შორის; მიმართებებს სხეულებსა და დედამიწას შორის“. აღნიშნული იდეები წარმოიქმნა და განვითარდა გასულ წელს, ხელოვანებთან დისკუსიის დროს.

ალემანის აზრით, „უსასრულო კითხვები, რომლებიც გვიჩნდება, აფიქსირებს ისტორიის ამ პერიოდს, მომენტს, როდესაც საფრთხე ემუქრება ცოცხალ არსებებს. გარდა ამისა, ეს კითხვები აჯამებს ყველა იმ ეჭვს, რომელმაც მოიცვა მეცნიერება, ხელოვნება და ჩვენი დროის მითები. როგორც იცვლება ადამიანის განსაზღვრება? რას წარმოადგენს სიცოცხლე და რა განასხვავებს ერთმანეთისაგან ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს და უსულო საგნებს? რა პასუხისმგებლობები გვაკისრია პლანეტის, სხვა ადამიანებისა და ორგანიზმების წინაშე, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ? როგორი იქნება ცხოვრება ჩვენ გარეშე დედამიწაზე? ეს ის კითხვებია, რომლებიც ბიენალეს ფონად გაჰყვება.“

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.