თეა წულუკიანი სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო
თეა წულუკიანი სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სოფელ დიღომში მდებარე სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუშაოების დამკვეთია „სპორტმშენსერვისი“.

მათივე ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია სამინისტროს 2023 წლის მაისში ჩაბარდა.

„ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ერთსართულიან მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზს, მინიფეხბურთის სტადიონსა და ორსართულიან სპორტულ კომპლექსს ორი სავარჯიშო დარბაზით. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე გარემონტდა ერთსართულიანი სპორტული დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მინიფეხბურთის სტადიონის სრული აღდგენა; პარალელურად, რემონტდება ორსართულიანი შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, ადმინისტრაციული ოთახები, განახლდება განათებისა და გათბობის სისტემები, დაიგება ახალი იატაკი. აღნიშნული დარბაზი მულტიფუნქციურია და აქ შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ვარჯიშების ჩატარება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ინიციატივით, მიმდინარე წლის მარტში შპს „სპორტმშენსერვისმა“, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ინდმეწარმე რუბენ ლუტიძესთან გააფორმა ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაიწყო 3440 კვ. მ ფართობის სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 120 910 ლარს შეადგენს. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.