თეა წულუკიანმა ახალ მოადგილედ ირაკლი გივიაშვილი წარადგინა
თეა წულუკიანმა ახალ მოადგილედ ირაკლი გივიაშვილი წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ირაკლი გივიაშვილი კარიერის დიპლომატია. 2017-2022 წლებში, იგი გახლდათ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. მისი უფლებამოსილების ვადა ელჩის პოზიციაზე მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა. ირაკლი გივიაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1998 წელს დაიწყო. 1999 წელს გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშე, 1999-2002 წლებში ეკავა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის III მდივნის პოზიცია, 2002-2004 წლებში იკავებდა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობას, 2004-2005 წლებში მუშაობდა სამართლებრივ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე, 2005-2006 წლებში კი ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი იყო. ასევე, ირაკლი გივიაშვილი გახლდათ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, საგანგებო დავალებათა ელჩი ადამიანის უფლებების საკითხებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმომადგენლობაში საქმიანობისას, თავმჯდომარეობდა მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებების (CMDH) კომიტეტს და, ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს (CM).

სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მინისტრის მოადგილის პოზიციაზე, ირაკლი გივიაშვილი ზედამხედველობას გაუწევს შემდეგ სფეროებსა და პროექტებს: ადმინისტრაციის დეპარტამენტი; სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი ახალგაზრდობის ნაწილში; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ორმხრივი ურთიერთობების ნაწილში; სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელობასაც ასევე შეითავსებს; კულტურის სამინისტროს ის მუზეუმები, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს და საქართველოს რეგიონებში მდებარეობს; ყველა ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს სისტემაში სახელოვნებო განათლების მიმართულებით მოქმედებს; „ბლექ სი არენა ჯორჯიასა“ და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის საქმიანობა; ლევილის მამულის პროექტი. ზემოაღნიშნული გულისხმობს სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტების საქმიანობის შესაბამისი კომპონენტების კურატორობასაც. ასევე, ირაკლი გივიაშვილის საკურატორო სფერო იქნება სამინისტროს სახელით საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ურთიერთობა.