თეა წულუკიანი - ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, „დვიჟოკების“ აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებულმა ადამიანებმა წამოიწყეს
ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, ეგრეთ წოდებული დვიჟოკების აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებულმა ადამიანებმა წამოიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გუშინ საფუძვლიანი განცხადება გააკეთა, რომ ამ სიმძლავრის გენერატორები საქართველოს არ აქვს.
როგორც თეა წულუკიანი ამბობს, სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამის აღჭურვილობას სახელმწიფო თანხებით შეიძენენ და უკრაინას გადასცემენ.
„უკრაინიდან მიღებულ იქნა შესაბამისი საჭიროებების ნუსხა. ამ ნუსხაში სწორედ მაღალი სიმძლავრის გენერატორებს ჰქონდა წამყვანი ადგილი. ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ამ საჭიროებების საპასუხოდ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, ეგრეთ წოდებული დვიჟოკების აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებულმა ადამიანებმა წამოიწყეს. ირაკლი კობახიძემ გუშინ სავსებით საფუძვლიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ სიმძლავრის გენერატორები ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ამიტომაც ხდება ამ აღჭურვილობის სახელმწიფო თანხებით შეძენა, რომელსაც საბიუჯეტო წლის ბოლოს განსაკუთრებული მობილიზება და პროცედურები სჭირდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს თანხა მობილიზებული უნდა იყოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხალხის სახელით, მთავრობის მიერ შეძენილ იქნას და გადაცემული საჭიროებისამებრ. სხვანაირად ვერც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ყველაფერში დავინახოთ ნეგატივი და ვეძებოთ კატა იქ, სადაც კატა არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება.