მთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება
მთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება.

აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას, და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღესაც აგრძელებს. 26 000 ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, იღებს სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე შესაბამის მხარდაჭერას საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით. 2 345 ახალგაზრდა სხვადასხვა სკოლაში სწავლობს დღეს საქართველოში, მათ შორის 1 565 უკრაინულ ენაზე, ამასთან, 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო მხარდაჭერა, რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა სხვადასხვა წინადადების თითქოს განუხილველობის გამო, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უწყებაში შევიდა, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და, პრემიერის დავალებით, კონკრეტულად გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.