თეა წულუკიანი - უნდა ვიფიქროთ, რომ კერძო სკოლებიც იმავე მოთხოვნებს დაექვემდებარონ, რასაც საჯარო სკოლები
თეა წულუკიანი - უნდა ვიფიქროთ, რომ კერძო სკოლებიც იმავე მოთხოვნებს დაექვემდებარონ, რასაც საჯარო სკოლები

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქმე გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ არასრულწლოვანის დაკითხვა.

როგორც წულუკიანმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე განათლების მინისტრი საუბრობს, რადგან განათლების სისტემაში სიახლეებია საჭირო.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თემაზე საუბრობს განათლების მინისტრი და განათლების სისტემა, რადგან როგორც ჩანს და მოსალოდნელიც იყო, ეს საქმე არის გაცილებით უფრო კომპლექსური, ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ არასრულწლოვნის გამოკითხვა, თუ დაკითხვა. მნიშვნელოვანია, ორი მიმართულებით ჩვენი მხრიდან გამოვიჩინოთ უფრო მეტი დაკვირვება და ყურადღებაც. ერთი არის გამოძიება, რომელიც მიყავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც როგორც იცით, სწორედ ამგვარი საკითხების გამოძიებისთვის სპეციალურად შეიქმნა და ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური რეფორმა. მეც თქვენთან ერთად ყურადღებით ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა გამოსაკითხი და პასუხისგებაში მისაცემი პირთა სპექტრი. მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ჩვენ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ. მეორე მიმართულება, რომელიც ეხება განათლების სისტემაში სიახლეების შეტანას. მინისტრმა ბრძანა,რომ მას ექნება ხედვა და სამოქმედო გეგმა“ ,- განაცხადა თეა წულუკმიანმა.

ამასთან, წულუკიანის აზრით, კერძო სკოლებიც იმავე ტიპის მოთხოვენებს უნდა დაექვემდებარონ, რა მოთხოვნებსაც საჯარო სკოლები ექვემდებარებიან.

„ერთადერთი ალბათ რასაც ხაზი უნდა გავუსვათ და მივესალმოთ სამომავლო გეგმაში განათლების სამინისტროს მხრიდან, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო, მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.