თეა წულუკიანი - უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხების მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ჯანსაღი არ არის
უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხები მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების ინიციატივის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე ჰკითხეს.
იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტს დეტალურად გაეცნობა და მოსაზრებებს სამუშაო ჯგუფის პირობებში წარადგენს.
„ძალიან ძნელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ ექსკლუზიურად პოლიტიკურ ჭრილში. ეს არ არის ჯანსაღი. არამხოლოდ სამართლიანობისთვის არის ცუდი, არამედ ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვისაც და არასამთავრობო სექტორისთვის, როდესაც კანონპროექტზე მსჯელობა, როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმა, არის მხოლოდ პოლიტიკური დებატის ფორმა და სხვა სივრცე არ რჩება მუხლობრივი განხილვისა და პროფესიულად მსჯელობისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტის ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს. ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.