თეა წულუკიანი - უკრაინის შუამდგომლობა, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დროებით მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვერ იქნება აღქმული ისეთ შუამდგომლობად, რომ ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის თაობაზე უკრაინის შუამდგომლობას იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს კანონდმებლობის მიხედვით განიხილავს.
წულუკიანის თქმით, უწყება გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
„უკრაინის შუამდგომლობას საქართველოსადმი, რომ დაკითხვის თუ გამოკითხვის მიზნებისთვის, პატიმარი დროებით მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ასეთ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი კანონით გათვალისწინებული წესებით იხილავს. გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, მისი სუვერენული უფლებების ფარგლებში ისე, რომ ეს შუამდგომლობა ვერ იქნება აღქმული ისეთ შუამდგომლობად, რომ ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს. ამიტომ სიტყვა იუსტიციის სამინისტროზეა, როგორც ერთადერთ კომპეტენტურ უწყებაზე ჩვენს სახელმწიფოში“, – განაცხადა წულუკიანმა.