თეა წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნიკა გვარამია გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას
თეა წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნიკა გვარამია გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ვერდიქტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ეს ვერდიქტი არის პოზიტიური. თუმცა არის ვერდიქტი, კონკრეტულად პიროვნულად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ამას მე არ ვამბობ უსაფუძვლოდ. არის ისეთი პარაგრაფები, აბზაცები ამ გადაწყვეტილებაში, როგორის 175, შემდეგ უკვე 300–ის შემდეგ პარაგრაფებს თუ ჩახედავთ, მას ეძღვნება პიროვნულად. განხილულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისი ჩართვები, პრესკონფერენციები და გამონათქვამები. შეფასებულია მაგალითად ისეთი მისი გამონათქვამები, როგორიც არის ზონდერმოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, გოიმი, მანქურთი, მანტიაში გახვეული მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო მონა, ჯიბის მოსამართლე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დაწვრილებით განხილული და დასკვნა არის გაკეთებული, რომ ეს ადამიანი, პირდაპირ წერია „რუსთავი 2“-ის დირექტორი, გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას. ეს წერია პირდაპირ შავით თეთრზე, ამიტომ ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ეს არის გენდირექტორის შესახებ ვერდიქტი“,- განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა განმარტა, ვანო მერაბიშვილის საქმე და „რუსთავი 2“-ის საქმე განსხვავებულია. მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე შეჩერების ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

„ჩემი მოწინააღმდეგე მხარე ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდება ამ ორ საქმეს შორის რა განსხვავებაა, იმიტომ, რომ, როგორც ეს დღევანდელ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, ის ვერ მიხვდა, როგორ უნდა დაეთვალა 6 თვე, რომ სწორად მიემართა სტრასბურგის სასამართლოში და ამ მიზეზით მისი რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა იქნა უარყოფილი. ამიტომ დიდი მოლოდინი იმისა, რომ ის გამოიჩენს მაღალ ნებას იმისა, რომ რაიმეს ობიექტურად მიხვდეს, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ობიექტურად ეს ორი საქმე, ალბათ, ბავშვიც ხვდება, რომ ძალიან განსხვავებულია. განსხვავებულია იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე შეჩერების ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული. იქ ჩვენ საუბარი გვქონდა არსებითი განხილვის შედეგად დადგენილ მე–18 მუხლის დარღვევასთან. ამ შემთხევაში არსებითად განხილულ იქნა მხოლოდ იმ ოთხ მოსამართლესთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, რომელთა გვარებიც უკვე ჩამოვთვალე და დადგინდა, ვანო მერაბიშვილის საქმისგან განსხვავებით დაურღვევლობა. ხოლო შეჩერების ღონისძიებაზე პირდაპირ სარეზოლუციო ნაწილში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ის არის მოხსნილი, ხოლო სამოტივაციო ნაწილში, თუკი ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე კარგად ჩახედავს ამ გადაწყვეტილებას ნახავს, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე წერია, სასამართლო აღარ მიიჩნევს. რას ნიშნავს აღარ მიიჩნევს? აღარ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომ გამოყენებული იყოს შეჩერების ღონისძიება გამომდინარე იმ პირვანდელი საჩივრიდან, რომელიც ნიკა გვარამიამ წარადგინა მე–10 მუხლით ანუ გამოხატვის თავისუფლებით. ვინაიდან, „რუსთავი 2“-ის საჩივარი მთლიანად უარყოფილ იქნა და დაუშვებლობის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ასევე არ ექვემდებარება გასაჩივრებას შეჩერების მოხსნა, ისევე, როგორც 2 წლის წინ, როდესაც შეაჩერეს, მე ვიყავი ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორშიც „რუსთავი 2“ ახლა იმყოფება. საქმის იმ ეტაპზე ჩვენ ვიყავით მარცხის პოზიციაში. ძალიანაც მინდოდა, როგორც მხარეს, რომ შეჩერების გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა, მაგრამ ვერ გავასაჩივრე, რადგან ეს არ საჩივრდება. უბრალო მიზეზის გამო, მოგეხსენებათ, როგორც შეჩერება, ასევე შეჩერების მოხსნა არ საჩივრდება და ის დღეიდან იყო ძალაში.

აქ არავითარი ინტერპრეტაციები არ შეიძლება არსებობდეს. ერთადერთი, რაც ჩემთან დაკავშირებით მე მესმოდა დღეს იყო თხოვნა, ეს იყო უფრო თხოვნა. ეს თხოვნა სამართლებრივად იყო დაუსაბუთებელი, სასამართლო დავა არ არის რაიმე ტიპის მთხოვე-გთხოვე თემა და არც პროცესი, ეს არის არგუმენტებით ჭიდილი. ამ პროცესში დამარცხებულია მეორე მხარე და როგორც ორი წლის წინ მე, მიუხედავად ძალიან მძიმე გადაწყვეტილებისა, პირადად მე ჩავატარე ბრიფინგი და ვთქვი, რომ არ მოგვწონს, მაგრამ ვიღებთ და ვაგრძელებთ ამ საქმეზე დავას“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ახალი მესაკუთრის გადაწყვეტილება იყო, როდის დაარეგისტრირებდა კომპანიას.

„მე მოვუწოდებდი მოწინააღმდეგე მხარეს, რომ შეეგუოს ამ გადაწყვეტილებას. ის არის, რაც არის, ის არის დაწერილი ინგლისურ ენაზე, შავით თეთრზე. ისინი, როგორც პროდასავლური ძალა, როგორც ამას ხშირად გვახსენებენ, ამ ენას კარგად ფლობენ, შეუძლიათ, გაეცნონ და ნახავენ ზუსტად იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ. რაც შეეხება რიტმს აღსრულების შეჩერების მოხსნის ნაწილში, ეს რა თქმა უნდა, ჩვენზე დამოკიდებული არ იყო. ახალმა მესაკუთრემ, ალბათ, იმ მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, რომ წინაზე სტრასბურგის შეჩერებამ მოუსწრო და რეგისტრაცია ვერ მოასწრო, დღეს იჩქარა. ეს არც საკრიტიკო მგონია, არც დასაწუნებელი და არც მოსაწონებელი. ეს არის მისი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრი „დუინგ–ბიზნესში“, რომელშიც საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში ქვეყანა, კომპანიების სწრაფად რეგისტრაციის ნაწილში არის სწორედ ამიტომ. იმიტომ, რომ, როგორც უცხოელები კეთილად გვეხუმრებიან ხოლმე წამებში და თითის დაწკაპუნების პერიოდში ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანაში ის, რაც სხვა ქვეყნებში შეუძლებელია კომპანიების რეგისტრაცია. „დუინგ–ბიზნესში“ ვართ ხოლმე პირველ რიგებში ქვეყნების მსოფლიოში. შესაბამისად, აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ადამიანმა გადაიხადა საფასური. თუ ნიკა გვარამია გადაიხდის 200 ლარს, მასაც თავისი კომპანია იმ დღესვე დაურეგისტრირდება. მან ეს შესანიშნავად იცის, მაგრამ ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით კვლავ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“,- განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპელმა მოსამართლეებმა დაუშვებლად მიიჩნიეს მოსამართლე ურთმელიძეზე იმ ტიპის შტურმი და თავდასხმები, „რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა ახორციელებდა“.

„თუ ამ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რასაც მთელი დღეა აკეთებენ და დროს ხარჯავენ, დასხდებიან და წაიკითხავენ, ნახავენ რომ ევროპელმა მოსამართლეებმა დაუშვებლად, პირდაპირ წერია, მიიჩნიეს მოსამართლე ურთმელიძეზე იმ ტიპის შტურმი და თავდასხმები, რომელსაც მასზე ეს პოლიტიკური ძალა ახორციელებდა. ეს პირდაპირ წერია, რომ ისინი ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზეგავლენა მოეხდინათ.

ახლა უკვე აქვთ პროგრესი და ურთმელიძეს კი არ ესხმიან თავს, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს და ამბობენ, რომ რაკი ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება არ არის, ისინი არიან სხვა დიდი ქვეყნის ზეგავლენის ქვეშ. ამავე გადაწყვეტილებაში წერია ასეთი ფრაზა, ურთმელიძეს როცა უკავშირდება განხილვა, ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს ეუნებიან, მოცემულ ძალას, რომ როდესაც მოსამართლე იღებს შენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, ეს გადაწყვეტილებები არ გამოდგება არგუმენტად იმისთვის, რომ ეს არის მიკერძოებული, ან არ არის დამოუკიდებელიო. საკმარისია, რომ ამ გადაწყვეტილების წაკითხვა გსურდეს, იქიდან გაკვეთილების გამოტანა, ეს არის ძალიან ფუნდამენტური ტექსტი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიციური ძალა, რომელიც ახლა ორად გაიყო, აცხადებს სრულ მონოპოლიას ისეთ ღირებულებებზე, როგორიც არის პროდასავლურობა, ანტისაოკუპაციო განწყობები. წულუკიანის თქმით, გამოდის ისე, რომ სხვები ოკუპაციის მომხრეები არიან. როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, „ამის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ბრძოლაა გასაჩაღებელი“.

„რაც შეეხება პროდასავლელობას, ჩვენთვის არ არის ახალი, მაგრამ, მე მგონი, უფრო ხმა უნდა ავიმაღლოთ იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. არ არის ახალი ის, რომ ეს კონკრეტული ოპოზიციური ძალა, რომელიც ახლა ორად დაიყო აცხადებს სრულ მონოპოლიას ისეთ ღირებულებებზე, როგორიც არის პროდასავლურობა, ანტისაოკუპაციო განწყობები და მიდგომები, ბრძოლა ოკუპაციასთან. ეს არის თითქოს მათი მონოპოლია და დანარჩენები, ვინც ვართ ამ ქვეყანაში, ვართ პირიქით, ოკუპაციის მომხრეები. რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ეს ასე ჰგონიათ მათ და ასევე, პროდასავლელები ისინი არიან და ჩვენ არა. ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა ამის წინააღმდეგ გასაჩაღებელი. მე მახსენდება, ძალიან ცნობილი დებატი ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის საფრანგეთში, 70-იან წლებში. ჟისკარი და მიტერანი პაექრობდნენ ორი საათის განმავლობაში, 25 მილიონი ამომრჩეველი უყურებდა. მიტერანმა, გარდაცვლილზე ასე არ უნდა ვთქვა, მაგრამ შეაწუხა მეორე მხარე და ეუბნება, რომ აი, მე სოციალისტი ვარ, გული შემტკივა, ნახეთ გაჭირვებულია ხალხი. მეორე მხარემ უპასუხა და ეს დღესაც ისტორიული ცნობილი ფრაზაა, თითიც დაუქნია: თქვენ არ გაქვთ გულის მონოპოლია, გული მეც მაქვს და ის ზუსტად ისე ძგერს, როგორც თქვენი გულიო. აი, ეს მახსენდება სულ. იმიტომ, რომ ჩვენც გაგვივლია ევროპაში, ჩვენც გვისწავლია ევროპაში, ჩვენც ვიცით, რა არის ევროპის სასამართლო, რა არის კონვენციური და ევროპული ღირებულებები და ალბათ კამუფლაჟში გამოწყობილი, თითის ქნევით, ჩვენთვის ევროპული ღირებულებების სწავლა უნდა დამთავრდეს“,- აცხადებს თეა წულუკიანი.