თეა წულუკიანი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ ახლანდელი პრეზიდენტი გვევლინება
თეა წულუკიანი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ ახლანდელი პრეზიდენტი გვევლინება

გასაკვირი და მიუღებელია, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლებას და გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება, – ასეთი კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საქართელოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ამგვარი ინიციატივები ქვეყნის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა საინტერესოა, რომელსაც ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ, რათა მომავალში არ განმეორდეს ის, რასაც ახლა ვესწრებით. კერძოდ, მომსწრენი ვართ იმისა, რომ ხშირად ცდილობენ გირგვლიანის საქმის გაუბრალოებას. თუ ერთი მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ თავად სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეს პოლიტიკური ცირკი უწოდა, რა თქმა უნდა, გასაკვირი და მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ცდილობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლებას. გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება“, – ახაცდებს თეა წულუკიანი. 

მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის პირველ რიგში იმისთვის, რომ სახელმწიფოს სწორ განვითარებას შეუწყოს ხელი.

„ვფიქრობ, ამგვარი ინიციატივები ქვეყნის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ამ ინიციატივის დახვეწისა თუ შემუშავების მომდევნო პროცესში, რათა მომავალმა ხელისუფლებებმა არასდროს იფიქრონ, რომ სახელმწიფო მანქანის გამოყენება შესაძლებელია მართლმსაჯულების ხელშეშლის მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას ახალ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც მამუკა მდინარაძემ “გირგვლიანის შესწორებები” უწოდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის თავს საზოგადოების წინაშე, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდრო გირგვლიანისა და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური, სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.