„ქართული ოცნების“ ინიციატივა ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მართლმსაჯულების ხელისშეშლისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ქართული ოცნების“ ინიციატივა ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მართლმსაჯულების ხელისშეშლისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს

საზოგადების გადასაწყვეტია, როცა ორი პრეზიდენტი – ყოფილი და მოქმედი ერთ ხმაში საუბრობენ, ეს არის დამთხვევა თუ პოლიტიკური მიზანი, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო პოლიტიკური ხმაშეწყობაა, სადაც გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, რამენაირად მიხეილ სააკაშვილი იმ თავხედობიდან და დანაშაულიდან გამოიყვანოს, რაც მან საკუთარი მმართველობის დროს ჩაიდინა – ამის შესახებ პირველი არხის კითხვის საპასუხოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს “გირგვლიანის შესწორებების” თაობაზე იდეა გააცნო.

მდინარაძემ აღნიშნული ინიციატივის დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ საქმე შეეხება სისხლის სამართლებრივი ნორმების გამკაცრებას, რომელთა მიხედვითაც, გამკაცრდება მართლმსაჯულების ხელისშეშლა წინასწარი დაპირებით, წინასწარი შეცნობით სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

“ჯერ ეს არის მიზანი და იდეა, რომელსაც სიმბოლურად “გირგვლიანის შესწორებები” დავარქვით და ეს იქნება ადამიანსა და მართლმსაჯულებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო პაკეტი. 

წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე განცხადებების გაკეთებას ვერ ბედავდა და ეს მას შემდეგ გაბედა, რაც ამის მოტივი და საფუძველი მარგველაშვილმა თავისი განცხადებებით შეუქმნა, სადაც სააკაშვილი ლამის პოლიტიკურ მსხვერპლად და პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა. ასეთი დანაშაულისთვის სანქცია ოთხი წელი იყო და მისი შემცირება სამ წლამდე მოხდა. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს”, – ამბობს დეპუტატი.

მისივე თქმით, არ შეიძლება იმსჯელონ იმაზე, რომ საქმე აქვთ შეწყალების უფლების დასჯასთან.

“საუბარია დანაშაულზე, რასაც თანამდებობის ბოროტად გამოყენება ჰქვია და ამ შემთხვევაში, არ შეიძლება, ეს სხვა ვინმეზე გავრცელდეს. ვინც მომავალში დანაშაულს ჩაიდენს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლის, საუბარი სწორედ მათზეა. საუბარია გარკვეული რეგულაციების გამკაცრებაზე, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული ადამიანი, ხოლო მართლმსაჯულება ჩარევისგან დაზღვეული. არასწორი ინტერპრეტაციაა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვინმე ისჯება შეწყალებისთვის”, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი გუნდს შორის არსებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა.

“ხედავთ, რომ პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკური მიზანია. გასული წლის მანძილზე, ისინი თავისი უზრდელობით ცდილობდნენ, არგუმენტებზე მსჯელობა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაეყვანათ. როცა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განმარტებებს ითხოვდა, მათ უზრდელობით უპასუხეს და დისკუსიაში არ შევიდნენ. ეს მათი პოლიტიკური მიზანია. შევეცდებით, რომ კონსტრუქციულები ვიყოთ, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება რომ ავიცილოთ, ამის საშუალებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მარგველაშვილი არ იძლევიან”, – აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას ახალ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც მამუკა მდინარაძემ “გირგვლიანის შესწორებები” უწოდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის თავს საზოგადოების წინაშე, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდრო გირგვლიანისა და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური, სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.