თეა წულუკიანი - სახალხო დამცველისგან დღეს მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც
ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაზეც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასაწყისში განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე დღეს თეა წულუკიანსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ.
თეა წულუკიანმა გამოსვლის დასაწყისში 2019 წელს საპატიმრო დაწესებულებაში ასრებულ მდგომარეობაზე და პატიმართა რაოდენობაზე ისაუბრა.
„წლის დასაწყისია და საზოგადოებას ალბათ აინტერესებს ციფრები. 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობა იყო 9 762 პირი, აქედან მსჯავრდებული იყო 7968, ანუ 8 ათასამდე პირი იხდიდა სასჯელს, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს გამამართლებელს ან გამამტყუნებელს. ამ მსჯავრდებულთაგან 308 არის ქალი, 33 კი არასრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი. ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს – 140, ხოლო 2013-2018 წლებში გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი საშუალოდ არ აღემატებოდა ოცს. შარშან ეს რიცხვი იყო 16. 16 ტრაგედია, რომელიც თვიდან ვერ ავიცილეთ, თუმცა ეს რიცხვი ბოლო ათწლეულების მანძილზე არის მინიმალურ ზღვარზე. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომ არის ეს რიცხვი ასეთი დაბალი. ალბათ იმიტომ, რომ ის თანამშრომლები, რომელთაგან რამდენიმე აქ იმყოფება, 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობს. ქალბატონო ნინო, ამას არ ჰქვია პენიტენციალური სამსახური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური. ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთ მაღალი ოფიციალური ტირბუნიდან ვსაუბრობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება.