თეა წულუკიანი - საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემატურია სიძულვილის ენის გამოყენება
საქართველოში საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემატურია სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი.
„საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ოდირი-ც (ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი), რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონ ვხედავთ ქვეყანაში, საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემატური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში. ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ შარშან არჩევნებზე, რომ რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, მამაკაცები და მეორე პარტიის კანდიდატი მამაკაცი იყენებდა სიძულვილის ენას. არ ვფიქრობ პრობლემა იყოს, თუ აქ გარკვეული, ძალიან ფრთხილი, ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებული რეგულაციები იქნება და ბალანსი დაცული იქნება პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა ე.წ. წითელი ხაზები არსებობდეს.
„ეს უნდა გაკეთდეს, რათა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება, გამოხატვის სახელით აკადრო და რა არ შეიძლება, აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრაზე სიძულვილის ენის პრობლემა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობის საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დააყენა. კახა ბექაურმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენის საკითხი ქართულ კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.
შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს.
ამასთან, კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში კი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე უნდა მიიღოს.