თეა წულუკიანი - რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, ყველას აქვს კონსტიტუციური კომპლექსი, ვინმე თუ დააპირებთ პრეზიდენტობას, ჯერ წაიკითხეთ კონსტიტუცია
რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, ყველას აქვს კონსტიტუციური კომპლექსი, ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველ არხთან გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლზე საუბრობს.
„გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთორმეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, დასანანია, რომ ჯერ არ შეგვხვედრია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს.
„ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი და ეს არავის ბრალი არ არის, გარდა ჩვენივე თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ ისეთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი, რადგან ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა 2024 წლისთვის პოტენციური კანდიდატების მიმართ, თუ დააპირებთ ვინმე პრეზიდენტობას, მოდით, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია, რადგან თუ აგირჩევენ პრეზიდენტად, მერე აღარ მოგეწონოს ის უფლებამოსილებები, რომლისთვისაც იბრძოდი, რბილად რომ ვთქვა, არის უცნაური რეაქცია. ბევრი რამის თქმა შეიძლება გუშინდელ ინტერვიუზე ჩემი მხრიდან, მაგრამ ალბათ აქ შევჩერდები, რადგან მართლაც დაუსრულებლად შეიძლება შეფასებების გაკეთება იმ გაუგონარ არგუმენტებზე, პოსტულატებზე, განცხადებებზე, რომელიც მრავლად მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში.
კონსტიტუცია ამბობს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რამეს. მაგალითისთვის მათ შორის იმას, რომ პრეზიდენტი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა იქნებოდა, რომ კი არ შეურაცხყოს, არამედ დაიცვას თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ელჩის ღირსება. ასევე როდესაც ვინმე იმ ეროვნული დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, მისი, როგორც გარანტის ფუნქცია, მაგალითისთვის, იქნებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის ცოტა უფრო აქტიურად დაცვა. თუ ჩათვლიდა საჭიროდ. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუცია ამას ცალსახად ავალებს და ეს წერია მკაფიოდ“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა სამუშაო ჯგუფებში პრეზიდენტის მედიატორობის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„რაც შეეხება პრეზიდენტის მედიატორის ფუნქციას, ჩვენ ამგვარ უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუციაში ვერ ვხედავთ, ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, გასწიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიატორის როლი. თუმცა გახლავართ რა მედიატორობის, მედიაციისა და სამედიატორო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხრე, ვფიქრობ, მედია არასდროს არ არის ცუდი. უბრალოდ როდესაც არ გაქვს შენ კანონით მონიჭებული ეს ფუნქცია და საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს ეს ფუნქცია კანონით მინიჭებული, შენ უნდა გთხოვონ მხარეებმა მედიაცია. სხვაგვარად ვერავის თავზე ვერ მოეხვევი, როგორც მედიატორი. რეალურად ამასთან გვაქვს საქმე. დანარჩენი, ინიციატივა დასჯადი ჩვენს ქვეყანაში არ არის, ეს საბჭოთა დროს ხდებოდა ხოლმე და აქედან გამომდინარე, ყველას შეიძლება, ჰქონდეს ყველანაირი ტიპის ინიციატივა“, – განაცხადა წულუკიანმა.