სალომე ზურაბიშვილი - სტატუსზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას როდესაც ველოდით, ზეპირი კომუნიკაცია მივიღე მთავრობისგან, რომ ჩავიდეს პრეზიდენტი პარიზში მაკრონთან, რომელიც იყო ევროკავშირის თავმჯდომარე
სალომე ზურაბიშვილი - სტატუსზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას როდესაც ველოდით, ზეპირი კომუნიკაცია მივიღე მთავრობისგან, რომ ჩავიდეს პრეზიდენტი პარიზში მაკრონთან, რომელიც იყო ევროკავშირის თავმჯდომარე

ხელისუფლების წარმომადგენლები არ მესაუბრებიან, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„თუ იმიტომ არ მელაპარაკებიან, რომ გავაკრიტიკე, მაშინ, ალბათ, არასოდეს არ დამელაპარაკებიან. არ არსებობს დემოკრატია, სადაც არ არის კრიტიკა. ცუდია, როცა არ შეგიძლია, მოისმინო კრიტიკა, რომელიც დესტრუქციული კრიტიკა ნამდვილად არ არის. ჩემი კრიტიკა არის ოპოზიციის მიმართ და ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არის ორი საკითხი, რომელზედაც შეთანხმება შეიძლება და უნდა შევთანხმდეთ, ეს არის ევროკავშირი და უკრაინა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიძაბა ურთიერთობა ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა მანამდე, როგორი იყო მათ შორის კომუნიკაცია, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი აუცილებელი იყო, რადგან ევროპაში არავინ არ დადიოდა.

„ეს ვიზიტი აუცილებელი იყო. იმიტომ, რომ არავინ არ დადიოდა. ეს ვიზიტი რომ არ ყოფილიყო, არ გვეცოდინებოდა, შეგვიძლია თუ არა კანდიდატობაზე განცხადების წარდგენა და რა რეაქციებს მივიღებდით. იმიტომ, რომ უკვე საკმაოდ მძიმე იყო ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა. იმისთვის, რომ პრობლემატური არ გამხდარიყო, ეს ვიზიტი გადავაქციე კერძო ვიზიტად და ამას დასჭირდა ჩემი ურთიერთობების გამოყენება. მე შევასრულე კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემ შესაძლებლობაშია, რათა წინ წავწიოთ ევროინტეგრაციის პროცესი. სხვათა შორის, ამ მუხლს, ბევრი თავისი გამოსვლებით არღვევს სწორედ უმრავლესობა. თუ კონსტიტუციაზე წავა საკითხი, კონსტიტუციის ამ მუხლის მიხედვით, რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია. ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი წინ არ წავიდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იცის.

„ეს არ ვიცი. ამაზე თქვენ გამეცით პასუხი. ეს არის ჩემი პასუხი. ეს არის ჩემი კითხვა და მინდა, გითხრათ, რომ დღეს ეს არის „ოცნების“ ამომრჩევლების ალბათ, 80%-ის კითხვა. „ოცნების“ ამომრჩევლების 80% მუდმივად ამბობს, მინდა ევროკავშირი. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც ქვეყნიდან გადის, რომ ევროპაში ისწავლოს, ან იმუშაოს. ეს ხალხი დღეს უყურებს „ოცნებას“ და არ ესმის, საით მიდის „ოცნება“. მე არ მესმის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ ედავება მთავრობა ზეპირ კომუნიკაციაზე მეორე ვიზიტთან დაკავშირებით, ევროპის რამდენიმე ქალაქში, როცა ევროკომისიის შეფასება უკვე მიღებული იყო და ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაშინ მთავრობისგან ზეპირი კომუნიკაცია მიიღო.

„ზეპირი კომუნიკაცია მივიღე იმით, რომ არიქა, ჩავიდეს სალომე პარიზში. ჭორაობაზე არ დავიწყებთ ახლა, ვისგან მივიღე. ზეპირი კომუნიკაცია იყო, რომ არიქა, ჩავიდეს მაკრონთან და მოაგვაროს. იმიტომ, რომ უკვე ვგრძნობდით, რომ იქ ისე არ იყო და იგივენაირად, როგორც ეს ზეპირი კომუნიკაცია მივიღეთ, ზეპირად მოვითხოვეთ თანხმობა ჩემ პარიზში ჩასვლაზე. არ მივიღე და არ ჩავედი. ამ დროს, მაკრონი იყო ევროკავშირის თავმჯდომარე და შეიძლება, საჭირო იქნებოდა ჩასვლა. შეიძლება, არაფერს არ შეცვლიდა, არ ვიცი, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ აქ არაფერი დარღვევა არ ყოფილა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.