თეა წულუკიანი - პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან შეწყალების კომისიის კონცეფციის თემაზე მუშაობა გაგრძელდება
თეა წულუკიანი - პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან შეწყალების კომისიის კონცეფციის თემაზე მუშაობა გაგრძელდება

პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან შეწყალების კომისიის კონცეფციის თემაზე მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს მოქალაქეებისა და შეწყალების დარგში ექსკლუზიური კომპეტენცია, უფლებამოსილება და ის იწყალებს ან არ იწყალებს პატიმარს.

„არსებობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერეული კომისია მოქალაქეების თემაზე, რაც მიზნად ისახავს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესწავლას, ანალიზსა და მომზადებას ისე, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან ჩართული ამ პროცესში. დაახლოებით იგივე კონცეფცია შემოგვთავაზა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხზეც. ჩვენ ამჟამად ვსწავლობთ ამ კონცეფციას, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივის სახით წარმოგვედგინა. ვფიქრობთ, რომ თუ ეს მართლაც მოხდება, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები. არ მაქვს პასუხი, მოესწრება თუ არა ეს ე.წ. სააღდგომო შეწყალებისთვის, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობს პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან. ეს არის კომისია, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება არა მხატვრები და მწერლები, არამედ სოცმუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა და კომისიაში დამატებით ჩართული იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.