თეა წულუკიანი - პრეზიდენტს ნინო გვენეტაძისთვის ერთი მადლობაც კი არ გადაუხდია, როგორც ჩანს, ამ ადამიანის მთავარი სამუშაო იარაღი კონსულტაციებია
თეა წულუკიანი - პრეზიდენტს ნინო გვენეტაძისთვის ერთი მადლობაც კი არ გადაუხდია, როგორც ჩანს, ამ ადამიანის მთავარი სამუშაო იარაღი კონსულტაციებია

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებულ და უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციების პროცესს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე ვერ დაასახელებს ახალ კანდიდატურას, ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდება ძირითადი კანონი და კონსტიტუციით განსაზღვრული წესები.

„ვერ ვხედავ ნეგატივს იმაში, რომ პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე დაასახელოს კანდიდატურა, თუკი არ გაურბის პასუხისმგებლობას. იურიდიულ წრეებში ბევრი ღირსეულია და პოვნა არ გაუჭირდება, მთავარია მოისურვოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საკითხი დგება მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი პარლამენტს კანდიდატურას წარადგენს.

„ვიდრე პრეზიდენტი თავის პრეროგატივასა და ვალდებულებას არ ახორციელებს, ძნელია, ისაუბრო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე და გეგონოს, რომ არის მმართველი გუნდის ბრალი. შევყურებთ პრეზიდენტს, დაასახელოს მართლმსაჯულების ხელმძღვანელის კანდიდატურა, თუმცა ვფიქრობ, რომ მას კონსულტაციები ჩაუვარდა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა ნინო გვენეტაძის დასახელების ფაქტიც გაიხსენა.

„პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები და ნინო გვენეტაძე წარადგინა. როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს. როგორც ჩანს, ამ ადამიანის მთავარი სამუშაო იარაღი კონსულტაციებია“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.