თეა წულუკიანი - პრეზიდენტმა შეწყალებაზე უნდა მიიღოს დამოუკიდებელი, მაგრამ ინფორმირებული გადაწყვეტილებები 
თეა წულუკიანი - პრეზიდენტმა შეწყალებაზე უნდა მიიღოს დამოუკიდებელი, მაგრამ ინფორმირებული გადაწყვეტილებები 

შეწყალების სამართლიანი სისტემის შექმნა არის ძალიან მარტივი, თუ ამ სისტემაში ჩავრთავთ პროფესიონალებს, ვისაც შეუძლია, შეაფასოს ესა თუ ის პატიმარი არის რესოციალიზებული, რეაბილიტირებული და შეიძლება თუ არა მისი გაშვება გარეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც დღეს გლდანის ციხეში იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მაგალითად გლდანის ციხეში, სადაც პატიმრები 10 და მეტი წელია, არიან, თავიანთ ცხოვრებითა და შრომით აჩვენეს, რომ რესოციალიზაციის უნარი შეიძინეს.

„გლდანში, მაგალითად ამ ტერიტორიაზე, სადაც მუხლჩაუხრელად შრომობენ პატიმრები, უმრავლესობა მათგანი 10-16-18 წელია გლდანის საპატიმროშია, მანამდე სხვა საპატიმროებში იყვნენ. ისენი არიან ადამიანები, ვისაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ თავიანთ ცხოვრებითა და შრომით აჩვენეს, რომ რესოციალიზაციის უნარი შეიძინეს. ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, ითქვას, რომ ეს პატიმრები დღესვე უნდა იყვნენ შეწყალებული. აუცილებელია, ფსიქოლოგმა, რეაბილიტაციის სპეციალისტმა, სოციალურმა მუშაკმა შეაფასოს და უთხრას პრეზიდენტს, შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანის შეწყალება და არსებობს თუ არა რისკები. დღეს რისკების შეფასება არ ხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის აზრი.

„ჩვენ მაგალითად აქ ყანაში, ბოსტანში, მდელოზე მომუშავე პატიმრები გვყავს, რომლებიც ყველა მხრივ იმსახურებენ საკანში 16-17 წლის ​ყოფნის შემდეგ გარეთ გავიდნენ, მაგრამ დაზარალებული ბოლომდე არ არის თანახმა. ამიტომ ჩვენ დაზარალებულის აზრს ვითვალისწინებთ. ამგვარი მიდგომა შეწყალების სისტემაში ფაქტიურად არ არსებობს.

პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოცდილება შეიძლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაიზიაროს, რადგან ეს სისტემა ჩვენთან უკვე არსებობს და ასევე, ამ სისტემას თავისი მხრიდან შესძინოს ახალი შტრიხები, რათა როდესაც პატიმარი გარეთ გავა, პირველი – დაზარალებული არ იყოს უკმაყოფილო, მას არ ჰქონდეს უსამართლობის განცდა, მეორე – საზოგადოებისთვის არ იყოს ამგვარი შეწყალება მიუღებელი და მესამე – ჩვენს საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს სიმშვიდის განცდა და არ ვიყოთ საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ძებნილი მსჯავრდებულის შეწყალებას, წულუკიანის თქმით, აღნიშნული პატიმარი სისტემაში არც ახლა და არც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა, ის 2009 წლიდან იძებნება.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ შეწყალების აქტი, სადაც ეწერა, რომ გათავისუფლდეს ესა თუ ის პატიმარი, ეს პატიმარი ჩვენს სისტემაში არამხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც არ ყოფილა, 2009 წლიდან არის ძებნილი. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ არანაირი კონტაქტი სამწუხაროდ მარიამობის შეწყალებაზე იუსტიციის სამინისტროსთან არ ყოფილა. ესეც, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ფრთხილად გასასწორებელი, რადგან პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო და მთავრობა ვერ ჩაანაცვლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებით, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა, რაც სულ არ არის რამე მძიმე ან კომპლექსური სამუშაო. საჭიროა ამას თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის აცხადებდა, რომ მზად არის, პრეზიდენტს რჩევითა და ინფორმაციებით დაეხმაროს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.