თეა წულუკიანი - ოპოზიცია ელჩებს მეგობრებს ეძახდა, ახლა გერმანიის ელჩი იმავე დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გასაქილიკებელი გახდა
თეა წულუკიანი - ოპოზიცია ელჩებს მეგობრებს ეძახდა, ახლა გერმანიის ელჩი იმავე დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გასაქილიკებელი გახდა

მოვუწოდებ ოპოზიციას, დასერიოზულდნენ და 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად უყარონ კენჭი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.

„ძალიან უბადრუკად გამოიყურება ოპოზიცია და ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ვიდრე სპეკულირებენ თემაზე, რომ ვინმე ჟორიკა რურუა არის პოლიტპატიმარი და ეს ელჩებმა ასე თქვესო და 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არისო, ამ დროს ელჩებს მეგობრებს ეძახდნენ. გამობრძანდა გერმანიის ელჩი და ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში საერთოდ არავითარი რურუა არ ფიგურირებდაო, რასაც მე სხვებთან ერთად თვეების მანძილზე ვამბობდი, რომ არავითარი ამგვარი ტიპის გვარები, ე.წ პოლიტპატიმარი 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. ეს დაადასტურა გერმანიის ელჩმა და ეს გერმანიის ელჩი იმავე დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გახდა დასაცინი და გასაქილიკებელი. შესაბამისად, ეს უკვე ემსგავსება იმას, რაც ქვეყნის ინტერესებს ვნებს. ამ ოპოზიციას მე მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ, რომ დასერიოზულდნენ და 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად მესამე მოსმენაზე უყარონ კენჭი დადებითად საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათ გარეშეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკონსტიტუციო რეფორმას გავატარებთ, მაგრამ მათივე ინტერესშია, რომ მისცენ ხმა ამ კენჭისყრაზე მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.