თეა წულუკიანი მოსამართლეებს, მათ თანაშემწეებსა და ადვოკატებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის მოსამართლეებს, მათ თანაშემწეებსა და ადვოკატებს, რომელთაც სამინისტროს შეატყობინეს, რომ რიგ პატიმრებს სასამართლო დარბაზებში ვირუსთან დაკავშირებით საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სასამართლოები მაღალი ხარისხის თანამშრომლობას აჩვენებენ.
რაც შეეხება პროცესების გადადებას, თეა წულუკიანის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი პირი არ არის.
„სასამართლოებში რა იგეგმება, ამაზე პასუხისმგებელი პირი მე არ გახლავართ, მაგრამ რაც ჩვენს ნაწილში უკვე დავინახეთ, დავებზე, სადაც სამინისტროები ვართ მხარეები სასამართლოში, მაქსიმალურად გვაქვს ხელშეწყობა პროცესების გადავადებასთან, გადადებასთან ან ზეპირი მოსმენების გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოები მაღალი ხარისხის თანამშრომლობას აჩვენებენ.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოსამართლეებსა და მოსამართლეების თანაშემწეებს, ყველას გადავუხდი საჯაროდ მადლობას, რადგან არაერთი ინფორმაცია, რომ დარბაზში მყოფ პატიმრებს აღენიშნებოდათ საეჭვო სიმპტომები, ჩვენ შევიტყვეთ სწორედ მოსამართლეების თანაშემწეებისგან, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს, ასევე ადვოკატებმა და გვითხრეს, რომ მათ კლიენტებს, დასაცავ პირებს ან მოსამართლეების თანაშემწეებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ დარბაზში ჰყავდათ საეჭვო სიმპტომის მქონე პატიმრები. სწორედ ასე შევძელით, რომ ამგვარი პატიმრები შეგვეჩერებინა ციხის პერიმეტრთან და არ დაგვეშვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ამიტომ ყველა მოსამართლეს, მათ თანაშემწეებსა და ადვოკატებს მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა ბრალდებულიდან ერთს ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. უწყება აღნიშნავს, რომ ერთი კვირაა, რაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე ახალდაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება.