პენიტენციური სამსახური - საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა ბრალდებულიდან ერთს ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა
პენიტენციური სამსახური - საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა ბრალდებულიდან ერთს ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ერთი კვირაა, რაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე ახალდაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

უწყების ცნობითვე, ამ ეტაპზე, საპატიმროში საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა ბრალდებული არ დაუშვეს.

„მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების გატარებას განაგრძობს. ერთი კვირაა, რაც ე.წ. მიმღებ ციხეებში, ანუ იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ახალი ბრალდებულების მიღება ხდება (N5-ქალთა, N8 – გლდანის საპატიმრო და N2 – ქუთაისის საპატიმრო), ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება. თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან, არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს. ხოლო თუკი ბრალდებულს რაიმე სახის საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ის პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება და შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.

ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე ბრალდებულის ოდენობა, რომელიც საპატიმროში არ იქნა დაშვებული, არის ცხრა. მათგან ყველაზე საეჭვოს უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.