თეა წულუკიანი - მნიშვნელობა არ აქვს, ე.წ. ხელისუფლება რას მიიჩნევს კანონიერად, ჩვენთვის კანონიერი გადაწყვეტილება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.
წულუკიანის თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები რას მიიჩნევენ კანონიერად. მინისტრი განმარტავს, რომ კანონიერი გადაწყვეტილება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას მთელ ქვეყანაში, მთავრობის ძალისხმევა არის უპრეცედენტო და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება არ აღიარებული, ე.წ. ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების განცხადებებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს, ისინი რას თვლიან კანონიერად, კანონიერად ჩვენ ვთვლით იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.