თეა წულუკიანი - მივესალმები, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას საქართველოში
თეა წულუკიანი - მივესალმები, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას საქართველოში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა და სიღრმისეულად მისი გაცნობა ვერ მოვასწარი, თუმცა რა ფაქტებიც სწრაფად კითხვისას ვნახე, მართლაც გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ არის გარკვეული ფაქტობრივი ცდომილებები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ანგარიში ხაზს უსვამს პოზიტივს, რაც საქართველოში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას გულისხმობს.

„მთლიანობაში, მივესალმები იმას, რომ ანგარიში ხაზს უსვამს იმ პოზიტივს, რაც გულისხმობს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას საქართველოში, სადაც ნარკოტიკის მომხმარებელს სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინო, სახელმწიფო ხელს უწყობდეს ზიანის შემცირებას და უფრო მკაცრად უნდა ებრძოდეს რეალიზატორების საქმიანობას.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტობრივ ცდომილებებზე ალბათ, აუცილებელი იქნება მუშაობა შესაბამის პარტნიორებთან და ჩვენს კოლეგებთან, მაგრამ რამე განსაკუთრებულ უარყოფით მომენტს ამ ანგარიშში მე პირადად ვერ ვხედავ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.

ამასთან, გასული წლის ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული იყო კანონპროექტი კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირების შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ამის გამო, კანონპროექტი უკან გაიწვიეს.